სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

13 ნოემბერი, 2018

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს პროგრამას, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად.

   2013-2018 წლებში განხორციელებული აქტივობების ფარგლებში გურიის რეგიონში დაკმაყოფილდა 13 ეკომიგრანტი ოჯახი, რაც გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ასევე გვინდა გაცნობოთ ზემოაღნიშნულ ბრძანებაში შესული ცვლილების შესახებ, ახალი რეგულაციის თანახმად, პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტების შესაბამისად სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლები ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.

   ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის მიღების პროცესში, სტიქიით დაზიანებული უძრავი ქონების სავალდებულო რეგისტრაცია ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა და გამოვრიცხავთ რისკს, ერთიდაიმავე ქონების გამოყენებას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის რამოდენიმეჯერ მიღების მიზნით.

   დამატებით გაცნობებთ, რომ იმ ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ შევსებულიგანაცხადი „საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე“, აუცილებელია მოახდინონ სტიქიით დაზიანებული ქონების რეგისტრაცია და განაცხადის შესავსებად მიმართონ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სამხარეო ცენტრებსა ან/და იუსტიციის სახლებს.

გააზიარე