"სამოქალაქო აქტივიზმის ხელოვნება"-შემაჯამებელი შეხვედრა

2 May, 2019

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტში,  ორგანიზაცია „ხევის მომავლის“ საკონფერენციო დარბაზში, ა.შ.შ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო აქტივიზმის ხელოვნების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილე ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მათ მიერ, პროექტის მიმდინარეობისას შექმნილი ნამუშევრები - ვიდეოგრაფიის, ფოტოგრაფიისა და ხატვის მიმართულებით.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი და მერის პირველი მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილი.

   პროექტის პირველ ეტაპზე, 2018 წლის ნოემბერში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 35 ახალგაზრდას ჩაუტარდა ტრენინგი სამოქალაქო აქტივიზმისა და ამ პროცესში ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამოყენების გზებისა და მნიშვნელობის შესახებ.

   ტრენინგის ფარგლებში, ახალგაზრდებმა განსაზღვრეს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები და მათგან ერთ-ერთი, კერძოდ კი გარემოს დაბინძურება შეარჩიეს სამუშაო თემად. შემდგომი 3 თვის მანძილზე 4 ჯგუფად (ფოტო, ვიდეო, ქსოვილზე ბეჭდვა, გრაფიტი) დაყოფილი მონაწილეები, ტრენერებისა და მენტორების დახმარებით, მუშაობდნენ აღნიშნული პრობლემის შესწავლაზე და ხელოვნების გამოყენებით, თავიანთი პოზიციის გამოხატვაზე.

  30 აპრილს გაიმართა მიღებული შედეგების პრეზენტაცია. მუნიციპალიტეტში გარემოს დაბინძურების თემის გარშემო მოეწყო ფოტო გამოფენა, სიუჟეტის ჩვენება, გრაფიტისა და სპეციალურად დაბეჭდილი მაისურების პრეზენტაცია. ამასთანავე, მონაწილეებმა, იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის საკითხზე, განიხილეს სიტუაციის გაუმჯობესების საშუალებები და მათი როლი აღნიშნულ პროცესში.

  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს საკუთარი ხედვა ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად და გამოთქვეს გარემოს დაცვისა თუ სხვა აქტუალურ თემებთან დაკავშირებით, სამომავლო თანამშრომლობის მზაობა.

  დასკვნითი ღონისძიების ბოლოს, ახალგაზრდებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე