საქართველოს დამოუკიდებლობის დღე -26 მაისი

27 May, 2019

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა.

  ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტზე საზეიმო კონცერტში მონაწილეობას  აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი “შავნაბადა“, სახელმწიფო ანსამბლი “ერისიონი”,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთის შვილები“, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „დიდებაი“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“ იღებდნენ.

  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა- ივანე მაჭავარიანმა.

   ადგილობრივ მოსახლეობასთან  ერთად, მიმდინარე ღონისძიებებას ესწრებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი-ალექსანდრე ზაგაშვილი,  მცხეთა-მთიანეთის  სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი -ზაქარია ქუცნაშვილი.

  მოეწყო საგამოფენო სივრცეები, საინფორმაციო სტენდები, ლიტერატურული კაფე, სადღესასწაულო პავილიონები, წარმოდგენილი იყო უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა.

  კამპანიის  „გააზიარე ცოდნა“, ფარგლებში,  ქართველი მეწარმეებმა  მოსულ სტუმრებს გაუზიარეს საკუთარი სამეწარმეო გამოცდილება, ამავე კამპანიის ფარგლებში, გაიმართა ნახატებისა და ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

   ღონისძიებაზე მოსული პატარა სტუმრებისთვის მოწყობილი იყო  სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში მათ განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამის ერთერთი აქტივობა  საქართველოს რუკის ფერადი ცარცებით მოხატვას გულისხმობდა.

  17:10 საათზე  საზეიმო ღონისძიება დასრულდა "შავნაბადა"-ს მიერ შესრულებული  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით.

 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“.

 2019 წელს დამოუკიდებლობის დღე ეძღვნება ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას. ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ.

ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე!

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე