ბუნება და კლიმატი

    მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად მაღალმთიანია. სიმაღლე ზღვის დონიდან 1700 მ-იდან 5000 მ-ის ფარგლებში იცვლება. შედარებით დაბალ ზონაში (1700 მ-ის ფარგლებში) ზომიერი ნოტიოა. ზამთარი ცივი და მშრალია, ხოლო ზაფხული — გრილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 4,9 °C-ია, ხოლო ნალექების საშუალო წლიური მოცულობა — 800 მმ. ზღვის დონიდან 1800-2000 მ-ის ფარგლებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 3,5 °C-მდე ეცემა, ხოლო ნალექიანობა 1160 მმ-ს აღწევს. 3600 მ-ზე მაღლა ნივალური ზონაა გავრცელებული.

   ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ჰავის სიმაღლებრივი ზონალობა: დაწყებული ზომიერ ნოტიოდან, დამთავრებული მაღალმთის ნოტიო მუდმივთოვლიანი ჰავით. ზღვის დონიდან 1740 მ-ზე იცის ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი მშრალი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, სადაც ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 4,9°, იანვრის -5,2°, ივლისის 14,4°, აბსოლუტურ მინიმუმი -34°. ნალექები დაახლ. 800 მმ წელიწადში.

  ზღვის დონიდან 1970 მ-ზე საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 3,5°, ნალექები 1160 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მაისშია (147 მმ), მინიმუმი იანვარში (50 მმ).

  2000 მ-ზე უფრო მაღლა ნამდვილზაფხულს მოკლებული ჰავაა.

  3650 მ სიმაღლეზე საშუალო წლიური ტემპერატურაა -6,1°, იანვრის -15°. აბსოლუტურ მინიმუმი - 42°. თოვლის საფრის ხანგრძლივობა 277 დღე.

   მუნიციპალიტეტში გავრცელებული ბუნებრივი საფრთხეა თოვლის ზვავები, ღვარცოფი, წყალდიდობა და მდინარეთა ნაპირების წარეცხვა. მეწყრული მოვლენები მუნიციპალიტეტში ნაკლებადაა გავრცელებული.

გააზიარე