სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია

28 October, 2019

  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში, აჩხოტსა და გორისციხეში სადრენაჟე სისტემები რეაბილიტირდა.

  აღნიშნული სოფლების მოსახლეობას, სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო, ათეულობით წელია ჭარბი წყლის პრობლემა აწუხებდა, რაც შეუძლებელს და არაეფექტიანს ხდიდა ისედაც მცირემიწიან მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

  ჩატარებულ სამუშაოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბართან; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძესთან; მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელ დავით წითლიძესთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორ - ოთარ შამუგისთან ერთად გაეცნო.

  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მელიორაციამ მასშტაბური სამუშაოები განახორციელა პრობლემის მოსაგვარებლად.

  დღეისთვის გაწმენდილია 6,5 კმ სიგრძის სადრენაჟე არხი. გარემონტდა, ხშირ შემთხვევაში კი თავიდან აშენდა კოლექტორული მიმღებები და სრულად მოწესრიგდა სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.

  შედეგად 45 ჰექტარი ფართობი გათავისუფლდა ჭარბი წყლისგან და შესაძლებელი გახდა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის მისი გამოყენება.

Share page